სამხილები არ ეყო - სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი განმარტა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაში გავრცელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოტივაციო გადაწყვეტილების ნაწილი მოსწავლეების მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული პირი სასამართლომ მტკიცებულებათა უკმარისობის გამო ამ მუხლით ვერ გაასამართლა, ნათქვამია განაჩენის სამოტივაციო ნაწილში.

16 წლის ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 31 მაისს გამოიტანა. საქმესთან დაკავშირებით ჩხუბის ორი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, მეორე — სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ნახევარი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.

განაჩენის გამოტანისთანავე თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პირველივე დღეს პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რამდენიმე დღეში კი შსს-მ საქმე პროკურატურიდან დაიბრუნა და გამოძიება განაახლა.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
ყველაფერი სასამართლოზე შეიცვალა – ვისკენ იშვერს თითს შსს

შსს ამტკიცებს, რომ თავიდანვე სრული სურათი წარუდგინა პროკურატურას, მაგრამ სასამართლომ სამხილები არ გაითვალისწინა. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სასამართლოზე რაღაც შეიცვალა, მათ შორის ექსპერტიზის შედეგების თვალსაზრისითაც. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

მიუხედავად იმისა, რომ შსს მუშაობს იმ პირთა გამოვლენაზე, რომლებსაც მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა შეეძლოთ, მკვლელობაში სხვა ბრალდებულების დადგენის შემთხვევაში სამინისტროში მათი დაკავების პირობა დადეს.

სასამართლოს განმარტება

სასამართლოს სამოტივაციო გადაწყვეტილების ნაწილი პირველმა არხმა გამოაქვეყნა.

განაჩენის თანახმად, პროკურორებმა ვერ დაამტკიცეს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა გ. ჯ.-მ მას ბარძაყის ზედა ნაწილში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ გ.ჯ.-მ სარალიძე მხოლოდ მკერდისა და მუცლის არეში დაჭრა.

„ვინაიდან უტყუარად არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი გ.ჯ-ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს(სიკვდილს) შორის, მისი ქმედება დამთავრებული მკვლელობიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობაზე“, — ნათქვამია სამოტივაციო გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება დადუნაშვილის მკვლელობას, სასამართლომ რამდენიმე მოწმის ჩვენება გაითვალისწინა, რომ ბრალდებულმა გ. ბ.-მ დადუნაშვილს დანა ნამდვილადა დაარტყა, შემდეგ კი დანა ონკანის ქვეშ გარეცხა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომელმაც თავიდან განაცხადა, რომ გ.ჯ.-მ სარალიძე მოკლა, შემდეგ კი საკუთარი ჩვენება ორჯერ შეცვალა.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მოწმე მ.კ-მ მისსავე ჩვენებაში მიუთითა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, ასევე ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება შემთხვევის ადგილზე მყოფი უკლებლივ ყველა მოწმის ჩვენებისგან“, — ნათქვამია სამოტივაციო ნაწილში.

მოსამართლემ კალანდიას ჩვენება როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი შეაფასა.

არ არის გათვალისწინებული დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გ.ბ.-ს ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ გ.ჯ. დამნაშავე არ არის და მას დანა არ ეჭირა, ხოლო დავით სარალიძეს მიხეილ კალანდიამ და ვინმე გ.მ.-მ დაარტყეს.

„სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ.ბ-ს არასანდო ჩვენებას, რომელიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს“, — ნათქვამია განაჩენში.

მოსამართლემ აგრეთვე არ გაითვალისწინა დამოუკიდებელი ექსპერტების მაია ნიკოლეიშვილისა და ომარ ჯოხაძის ჩვენებები, რადგან მათ ვერ მიუთითეს კვლევის ჩატარების მეთოდი და ვერ აჩვენეს, რას ეყრდნობოდნენ საკუთარ დასკვნებში.

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე გასული წლის 1 დეკემბერს მასობრივ ჩხუბს შეეწირა. 

სარალიძის მამა თავდაპირველად აცხადებდა, რომ მკვლელობაში დამნაშავე პირთა რაოდენობა ორზე მეტია. სასამართლო განაჩენის შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსამართლემ მისი სიტყვები დაადასტურა. ზაზა სარალიძემ პროკურორები საქმის არაობიექტურ გამოძიებაში და დამნაშავეების დაფარვაში დაადანაშაულა.

ახალი გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში შსს-მ ორი პირი დააკავა — მერაბ მორჩაძე და მირზა სუბელიანი. მორჩაძე, რომელიც ერთ-ერთი არასრულწლოვანის ნათესავია, რომელიც საქმეში მოწმედ გადის, მოწმეზე ზეწოლის განხორციელებაშია ბრალდებული.

სუბელიანი, რომელმაც მკვლელობიდან მეორე დღეს პროკურატურაში დაკავებული თანამდებობა დატოვა, დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. საქმე ისაა, რომ მისი შვილი ჩხუბის მონაწილე იყო.

ზაზა სარალიძემ, მისმა ახლობლებმა და მომხრეებმა მიღებული ზომები არასაკმარისად ჩათვალეს.


ყველა ახალი ამბავი
0