თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პარლამენტში ბიუროზე სამინისტროების გაეთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იქნება წარდგენილი, აცნობეს „Sputnik საქართველოს“ პარლამენტში.
ცვლილებების თანახმად, ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში, ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება:
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.
უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაამ უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა.
ასევე უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას ეხება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება — შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები კი სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.
ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, გადაწყვეტილებას ხვალ ბიურო მიიღებს, რომლის სხდომაც 3 საათზეა ჩანიშნული. ბიუროზე გაირკვევა სესიის ჩატარების თარიღიც, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უნდა გაიმართოს.
საქართველოს მთავრობის რეფორმირების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტში ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა — 14-დან 11-მდე.
საქართველოს პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას სამი კვირის განმავლობაში შეასრულებს, სამი კვირის თავზე კი მამუკა ბახტაძე ახალ სამთავრობო შემადგენლობას წარადგენს.