თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება, რამდენიმე სამინისტრო ერთმანეთში გაერთიანდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გუშინ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც შაბათს საღამოს დაიწყო და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის რეფორმირების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტში ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა — 14-დან 11-მდე.
გიორგი გაჩეჩილაძემ სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებული ყველა ის ინფორმაცია დაადასტურა, რომელიც მედიის მეშვეობით ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.
„გარემოს დაცვაში შემოვა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც გააძლიერებს ამ მიმართულებას. ამ ეტაპზე, იცით რომ კულტურა, განათლება და სპორტი იქნება ერთად, შერიგებისა და დევნილების სამინისტრო გაერთიანდება. მთელი სამშენებლო სექტორი, ის, რაც დაკავშირებულია სწრაფ განვითარებასთან – იქნება სკოლების მშენებლობა, ციხეების, დევნილების სახლების მშენებლობა, ეს ყველაფერი მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ“, — განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძის თქმით, სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტი არ იქნება, საუბარი მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, ამ პოსტს არ შემოიღებენ.
საქართველოს პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას სამი კვირის განმავლობაში შეასრულებს, სამი კვირის თავზე კი მამუკა ბახტაძე ახალ სამთავრობო შემადგენლობას წარადგენს.