თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის შემცირების თაობაზე ხელისუფლების გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევიმუშავეთ მცირე მთავრობის კონცეფცია, სადაც შევიმუშავეთ ისეთი ახალი სტრუქტურა, რომელიც იქნება მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული თავისი გადაწყვეტილებების მიღებაში", — განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.
ბახტაძის თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდება.
გაუქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. მისი ფუნქციები გადანაწილდება: განსახლების საქმეებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს, მიგრაციის კომპონენტს — შსს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას — ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.