მამუკა ბახტაძის მთავრობაში სამი ახალი მინისტრი იქნება

© Sputnik / STRINGERმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობაში იცვლებიან საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მთავრობაში სამი ახალი მინისტრი იქნება — ეკონომიკის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ნათქვამია დოკუმენტში მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

მამუკა ბახტაძე: საქართველოში 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება >>

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე 14 ივნისს წარადგინა. ორშაბათს ბახტაძემ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
პასუხისმგებლობას აცდენილი ძალაუფლება, ანუ ამბავი წასვლა-მოსვლისა

პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებული დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს მისი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეცვლის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს — მისი მოადგილე დავით ზალკალიანი, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტს, რომელსაც მანამდე ბახტაძე იკავებდა, მისი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს. ყველა დანარჩენმა მინისტრმა ამ ეტაპზე შეინარჩუნა პოსტი.

ამასთან, როგორც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მინისტრთა კაბინეტის ეს შემადგენლობა დროებითია. უახლოეს მომავალში ის აპირებს წარდგეს საკანონმდებლო ინიციატივით სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირების თაობაზე და წარადგინოს მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შეტანას სამი კვირა დასჭირდება და პარლამენტის ბიუროს წევრებს ბახტაძის დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოხატვა უმოკლეს ვადებში შესთავაზა. ნდობის გამოხატვის საკითხზე კენჭისყრა 20 ივნისისთვის დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი სამინისტროების რაოდენობის შემცირების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ბახტაძეს უკვე განახლებული მინისტრთა კაბინეტით მოუწევს პარლამენტის ნდობის ხელახალი მოპოვება.

ყველა ახალი ამბავი
0