ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ძლიერი სიცხის გამო შეიცვალა

© photo: Sputnik / Fuad Gasanovგამოცდები
გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის განრიგი შეიცვალა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი დიდი სიცხის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების გრაფიკი შეიცვალა, აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 40–43 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები 32–37 გრადუსს ვარაუდობენ. თბილისში 38–40 გრადუსამდე სიცხეა ნავარაუდევი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, კვლავ გაგრილების სისტემის გარეშე მოუწევთ. საპილოტე რეჟიმში გაგრილების სისტემა წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა. როგორც საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო განმარტავს, დანარჩენი ცენტრების აღჭურვა გაგრილების სისტემით მხოლოდ საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ განხორციელდება. 

საგამოცდო ცენტრი - Sputnik საქართველო
აბიტურიენტებო, „ეკონომიურად" ისუნთქეთ: საგამოცდო ცენტრები გაგრილების სისტემის გარეშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღნიშნულ პრობლემას დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების არარსებობა უარყოფითად შეაფასა. 

ამასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის განრიგი შეიცვალა.

კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა — 09:00 საათზე.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა — 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა — 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.

იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ცვლილებები აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0