აბიტურიენტებო, „ეკონომიურად" ისუნთქეთ: საგამოცდო ცენტრები გაგრილების სისტემის გარეშე

© courtesy of NAEC Georgiaსაგამოცდო ცენტრი
საგამოცდო ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების არარსებობა უარყოფითად შეაფასა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, კვლავ გაგრილების სისტემის გარეშე მოუწევთ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პილოტურ რეჟიმში გაგრილების სისტემა წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა. როგორც საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო განმარტავს, დანარჩენი ცენტრების აღჭურვა გაგრილების სისტემით მხოლოდ პილოტური პროექტის დასრულების შემდეგ განხორციელდება. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
რეგისტრაცია დასრულდა - აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები ელოდება

როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აღნიშნავს, გაუსაძლისი სიცხისა და კონდიცირების სისტემის არარსებობის გამო საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ სკოლებში განათავსეს, რადგან გარეუბნები შედარებით უფრო გამწვანებულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღნიშნულ პრობლემას დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების არარსებობა უარყოფითად შეაფასა. 

„ჩემი შეფასებით, ეს გარემოება ძალიან ცუდია. დღეს მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. ამ საკითხის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“, — განაცხადა ბახტაძემ.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, მათ შორის არის სკოლები და უნივერსიტეტები, აქედან ყველაზე მეტი – 10 საგამოცდო ცენტრი თბილისშია.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12 300-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 21 ათასამდე აპლიკანტი.

ყველა ახალი ამბავი
0