„ისუნთქე სიცოცხლე" – საფრთხე თბილისის ქუჩებში

გამოწერა
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს დედაქალაქში ჰაერის საგანგაშო დაბინძურებაზე მიუთითებენ.

თბილისი ეკონომიკური საქმიანობისა თუ ინფრასტრუქტურის მხრივ საქართველოში მთავარი საცხოვრებელი ადგილია, თუმცა, როგორც ირკვევა, არც თუ ისე უსაფრთხო.

ბოლო კვლევებით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 2,9-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას

თბილისში განსაკუთრებით რთულია ვითარება დიდუბესა და მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც ყველაზე მაღალია ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა. გარემოს ეროვნული სააგენტო ვებ-გვერდზე www.meteo.gov.ge ყოველდღიურად აქვეყნებს საქართველოს ქალაქებში არსებული რადიაციული მდგომარეობისა და ატმოსფერული დაბინძურების შესახებ ინფორმაციას. ამინდის პროგნოზის გვერდით თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ნახოს, როგორ სცდება ხოლმე დედაქალაქის ზოგიერთ უბანში მავნე აირების გაფრქვევის დოზა ევროკავშირის დასაშვებ სტანდარტს. ეს ძირითადად დიდუბეში, რუსთაველსა და მარჯანიშვილზეა შესამჩნევი.

საცობი შარტავას ქუჩაზე - Sputnik საქართველო
რას ვსუნთქავთ: თბილისში ჰაერის ხარისხი სავალალოა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო იელის უნივერისტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილზეა ჰაერის დაბინძურების კუთხით. ძალზე საინტერესოა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და კლიმატისა და სუფთა ჰაერის კოალიციის (CCAC) ერთობლივი პროექტის — კამპანიის „ისუნთქე სიცოცხლე“ (Bresthelife) მონაცემები. ამ გვერდის გახსნისთანავე შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ევროპულ სტანდარტს საკმაოდ აღემატება და, უფრო მეტიც, თურმე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში სუფთა ჰაერის ეტალონად აღიარებულ კურორტ აბასთუმანში.

თბილისში ოთხ ადგილზე უკვე დამონტაჟდა ხელსაწყოები, რომლებიც დაბინძურების დონეს ზომავენ. ძირითადი დამაბინძურებელი, ბუნებრივია, ავტოტრანსპორტი და ინდუსტრიული გამონაბოლქვია.

პრობლემას დედაქალაქის ახალი მერი კახი კალაძეც აღიარებს. ალბათ ყველას გვახსოვს აქცია-პერფორმანსი, როცა გარემოს დამცველებმა თბილისში მდგარ ძეგლებს პირბადეები ააფარეს. კალაძემ ერთ-ერთი მოადგილე გარემოს დაცვის სამინისტროდანაც მოიყვანა, მაგრამ, ორფუსის კონვენციის ცოდნის მიუხედავად, ჯერჯერობით ქალაქში რადიკალური ზომები ვერ ტარდება.

საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
რას ვსუნთქავთ: თბილისში ჰაერის ხარისხს ამოწმებენ

კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია, სადაც წელს, აპრილში შეიქმნა კომისია, რომელიც მუშაობის შედეგად კონკრეტულ რეკომენდაციებს დადებს – რა უნდა გაკეთდეს დედაქალაქში, რათა მართლაც პირბადეებით არ მოგვიწიოს სიარული. ასეთი სურათი სრულიად რეალური და ნაცნობია იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიეტნამისა და ეგვიპტის დედაქალაქებში მოხვედრილა.

მართალია, იუნისეფის ეს დასკვნა მთავრობის გადაყენების საფუძველი არ გამხდარა, მაგრამ ამ სტრუქტურამ გაარკვია, რომ მსოფლიოში ერთ წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს. შედეგად მატულობს მკვდრადშობადობა და ფილტვების, ასევე ალერგიული დაავადებები. იუნისეფის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი იღუპება დაავადებებისგან, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის სუნთქვითაა გამოწვეული. ესაა ფილტვის კიბო, ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ავტომობილები გმირტა მოედანზე - Sputnik საქართველო
თბილისი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე: ყველაზე დაბინძურებული ადგილი, მოძველებული ტრანსპორტი

საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 7000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ალბათ ამ რიცხვის რეალობაში ეჭვი არ შეგეპარებათ, თუ გაიხსენებთ, დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის სიმსივნისა და დახმარების საჭიროების შესახებ შეიტყობთ ხოლმე სოციალური ქსელის მეშვეობით.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის თქმით, საბედნიეროდ, საქართველოში ყველგან ასეთი ვითარება როდი გვაქვს. მაგალითად, აბასთუმანში ჰაერი ზედმეტად სუფთაც კია, ისევე, როგორც მრავალ ადგილზე, სადაც ჰაერი კარგად ნიავდება და დაბალი ხარისხის საწვავზე მომუშავე ავტომანქანები დიდი რაოდენობით არაა თავმოყრილი. მისი თქმით, თბილისი ქვაბულშია განთავსებული და მისი განიავება ცუდად ხდება. ესაა სწორედ დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი.

თბილისთან ერთად საქართველოს ქალაქებიდან განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ზესტაფონის მცხოვრებლები არიან, სადაც, საიდუმლო არაა, რომ ძალიან გაიზარდა სასუნთქი გზებით დაავადებისა და სიმსივნეების რიცხვი.

გარემოს დაცვის სამსახური ჯერჯერობით მხოლოდ ჰაერის დაბინძურების გაზომვას ახერხებს. დედაქალაქის მერი კი ცდილობს, მოსახლეობა უნებართვო გარაჟების ადგილზე სკვერების გაშენების იდეით დააინტერესოს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
„ნუ გვაბოლებ“ , „ SOS იპოდრომი“: რას ითხოვენ თბილისის მერიისგან

ზოგადად, მთელ მსოფლიოში არსებობს სტანდარტი, რამდენი კვადრატული მეტრი გამწვანებაა საჭირო ერთ სულ მოსახლეზე. მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს – ნიუ-იორკს, ლონდონს, ბერლინს უდიდესი ბაღებიც აქვთ, რათა მოქალაქეებს სუფთა გარემოში შეეძლოთ ცხოვრება. ჩვენი მეზობელი რამდენიმე ქვეყანა კი პირდაპირ ბრწყინავს გამწვანებით — კიევისა და კიშინიოვის სტუმრებს სწორედ მათი მწვანე გარემო ხიბლავთ.

დავით ნარმანია ისე წავიდა თანამდებობიდან, მისი დარგული მილიონი ხე ვერსად ვნახეთ, ახლა ჯერი კახი კალაძეზეა. მისი დაპირებაა, რომ დედაქალაქში ელექტროავტობუსებს მიენიჭება უპირატესობა და ტექდათვალიერების შედეგად მსუბუქ ავტომობილებსაც, სულ მცირე, კატალიზატორის დაყენებას მაინც აიძულებენ. სამწუხაროდ, დედამიწაზე დგება დრო, როცა სუფთა ჰაერი და წყალი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ფუფუნების საგანი ხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0