თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად მონაწილეობს ღონისძიებებში, რომლებიც ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.
მსოფლიო დონის პოლიტიკოსებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მოულოცეს >>
მარგველაშვილის გარდა, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის და ფინეთის პირველი პირები. სახელმწიფოების მეთაურების საზეიმო შეხვედრა ქალაქ ტარტუში გაიმართა.
ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტარტუში ესტონელ ხალხთან ერთად შეიკრიბნენ იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებს.
აღინიშნა, რომ 2018 წელს საქართველოსათვისაც ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია — 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობა შეიქმნა.
ესტონეთში მარგველაშვილის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საზეიმო მიღება მოაწყო. ორი ქვეყნის პრეზიდენტების გარდა, ღონისძიებას ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ასევე ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობაზე.
„თქვენ ამტკიცებთ, რომ არ არსებობენ დიდი და პატარა ქვეყნები, არამედ არსებობენ დიდი და პატარა პოლიტიკოსები. როდესაც პოლიტიკოსებს გააჩნიათ ხედვა, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკა და რამდენად ძლიერია ქვეყნის სამხედრო ძალა, სწორედ ეს ხედვები აყალიბებს და ცვლის კაცობრიობის მომავალს. ქართველები და ესტონელები საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ეს ხედვები აისახება ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით — თავისუფლების სიყვარული“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ქართველმა წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს >>
საზეიმო მიღების ფარგლებში გაიმართა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საქმიანობისადმი მიძღვნილი გამოფენა და შედგა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ბოლო 100 წლის საქართველოს მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ასახავს.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში ხუთშაბათს დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები და ნატოს სამიტისთვის მომზადების საკითხები განიხილეს.
შაბათს ტალინში მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.
ესტონეთში 1934 წლიდან გამარჯვების დღეს უწოდებენ ვინუსთან ბრძოლის დღეს (ამჯერად ლატვიის ცესისი), სადაც 1919 წლის 23 ივნისს ესტონურმა არმიამ ლანდესვერის ჯარი (გერმანულ-ბალტიის რაზმები) გაანადგურა და ამით მოიპოვა სიმბოლური გამარჯვება მრისხანე დამპყრობლებზე, რომლებმაც რვა საუკუნის წინ ესტონელი ხალხის წინაპართა ისტორიული განვითარება ძალადობრივად დაარღვიეს.
საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროებში.