თბილისი, 20 იავნისი — Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლომ ექვსი ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და რუსული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ რაჯდენ შულაია რეკეტში და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირებში დამნაშავედ ცნო.
საქართველოში ბიზნესის „დაკრიშვისთვის“ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები დააკავეს >>
ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ-იორკის პროკურატურამ გასული წლის ივნისში დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის მოქალაქე, „კანონიერ ქურდ" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული. ხურციძესთან ერთად პოლიციამ ასევე დააკავა სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, მაგრამ ის გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.
დანაშაულებრივი დაჯგუფება მოქმედებდა ნიუ-იორკის ტერიტორიაზე, ასევე ნიუ-ჯერსის, პენსილვანიის, ნევადას შტატებში და უცხოეთში, ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ შულაია და ხურციძე მონაწილეობდნენ რამდენიმე დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ძარცვას, ნაქურდალის გასაღებას და თაღლითობას. ამჟამად ისინი სასჯელის ვადის შეფარდებას ელოდებიან, განაცხადა პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა.
სასამართლო განაჩენის ვადას ხუთშაბათს გამოაცხადებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხურციძე შულაიას „მთავარი შემსრულებლის“ როლს ასრულებდა, მას მრავალჯერ მიუღია მონაწილეობა გამოძალვასა და ძალადობაში. ხურციძე ორჯერ არის აღბეჭდილი ვიდეოზე, სადაც სხვა ადამიანებზე თავდასხმა ჩანს.
ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებული მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.
ქართველ „კანონიერ ქურდს" ბელარუსში სამი წლით პატიმრობა შეეფარდა >>
დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ, კერძოდ, დადგენილია 5 ტონამდე შოკოლადის ნაწარმის პარტიის გატაცების ფაქტი.
გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფების წევრებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.