საქართველოში ბიზნესის „დაკრიშვისთვის“ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები დააკავეს

გამოწერა
ბრალდებულები უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთან ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული") შეთანხმებით მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში" და „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით საქართველოში ექვსი პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ათენი - Sputnik საქართველო
ათენში „ნოდარ გლდანსკისთან“ დაახლოებული საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

ზესტაფონში სამართალდამცველებმა კრიმინალური ავტორიტეტები, „ქურდული სამყაროს" ორი აქტიური წევრი — 34 წლის თ.კ., წარსულში ნასამართლევი 51 წლის მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა") და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 50 წლის ა.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ "ქურდულ გარჩევებში" და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან" ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა") და მის ძმასთან ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

„კერძოდ, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.-სგან „კანონიერი ქურდის" ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით ყოველთვიურად მოგების 30%-ის გადახდას მოითხოვდნენ", — განაცხადა ჭელიძემ.

ამას გარდა, სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები — 38 წლის ბ.ბ. და 37 წლის ჯ.ო დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან" ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული") შეთანხმებით მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში" და "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

ასევე, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ქურდული სამყაროს" წევრი, 56 წლის გ.ე. დააკავეს. ის "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 2007 წლიდან იძებნებოდა.

„დაკავებული აღიარებს „ქურდულ სამყაროს". მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან" ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს" სხვა წარმომადგენლებთან – ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა"), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა"), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო"), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე")", — აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

საბერძნეთი - Sputnik საქართველო
ქართველების და „კანონიერი ქურდის" „თანამშრომლობა": საბერძნეთში ქართველები დააკავეს

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

„ქურდული სამყაროს" წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის" სასჯელი მიმდინარე წლის აპრილში კიდევ ერთხელ გამკაცრდა, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა, შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა.

ქურდული სამყაროს წევრობა და „კანონიერი ქურდის" სტატუსის ტარება საქართველოში 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. მაშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა“, „კანონიერი ქურდი".

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ახალი ტალღის შესახებ გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0