საკანონმდებლო ცვლილებები „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ დამტკიცებულია

გამოწერა
ამიერიდან დანაშაულია ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შსს–ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ე. წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ფართოვდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე. ამიერიდან, ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის გარდა, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის – „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები კანონში „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ბრძოლას უცხადებს არა მხოლოდ „კანონიერ ქურდებს“, არამედ, ზოგადად, კრიმინალურ მენტალიტეტს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა „კანონიერ ქურდებს“ დაუნდობელი ომი გამოუცხადა

„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ „კანონიერ ქურდებს“ სჯის, არამედ ნებისმიერ იმ პირსაც, რომელიც „ქურდი“ არ არის, მაგრამ მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ მიზნებს ემსახურება. ჩვეულებრივ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომელიც „კანონიერ ქურდს“ მიმართავს და დავის გადაწყვეტას სთხოვს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების შედეგად უფრო ეფექტიანი გახდება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა.

ქურდული სამყაროს წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება საქართველოში 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. მაშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი". 

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ახალი ტალღის შესახებ გამოაცხადა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0