თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ახალი ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines რეგულარულ რეისებს შეასრულებს უკრაინის, რუსეთის და ირანის მიმართულებით — პირველი ფრენა თბილისი-ხარკოვი-თბილისის მიმართულებით 12 ივნისს განხორციელდება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
თბილისსა და ხარკოვს შორის რეისები კვირაში ორჯერ — სამშაბათობით და შაბათობით 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე განხორციელდება. ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები ოთხშაბათობით და შაბათობით 13 ივნისიდან 29 სექტემბრიდან შესრულდება.
ქართული კომპანია კვირაში ორჯერ — ორშაბათობით და ხუთშაბათობით რეგულარულ რეისებს თბილისსა და თეირანს შორის 14 ივნისიდან 25 ოქტომბრიდან შეასრულებს, ხოლო პარასკეობით — ბათუმი-თეირანის მიმართულებით 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე.
MyWay Airlines კვირაში ორჯერ — ოთხშაბათობით და შაბათობით თბილისიდან სამარაში იფრენს. რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია 23 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე განახორციელებს.
შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანია MyWay Airlines-ს საქართველოს ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა.
ფრენები განხორციელდება Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთი მაქსიმალურად დაინტერესებულია ქართული ავიაბაზრით: ავიაკომპანიების გეგმები >>
საჰაერო ხომალდის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა MyWay Airlines-მა მიმდინარე წლის იანვარში მიიღო, ხოლო პირველი ჩარტერული რეისი ავიაკომპანიამ თეირანის მიმართულებით უკვე მარტში შეასრულა.
ახალი ქართული ავიაკომპანია რეისების განხორციელებას გეგმავს ასევე მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, თელ-ავივის, დუბაის, კიევისა და მინსკის მიმართულებით.
MyWay Airlines-ი ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა შექმნა. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. ასე რომ, კომპანიის ავიაპარკი BOING-777 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი. მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს — დეკემბერში.
კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე დიდ პროექტებს ახორციელებს. მან ქალაქის გარეუბანში ააშენა ოლიმპიური სოფელი ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის Tbilisi 2015 და დღემდე განაგრძობს დიდი დასახლების მშენებლობას გარეუბანში.
Hualing Group-ის საქმიან აქტივობაში შედის ხე–ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის" აქციების 90%-ს). ამჟამად საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფში" შემავალი 15 კომპანია ოპერირებს.
ამჟამად ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways ფუნქციონირებს.