სწორედ ამიტომ სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი" ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი — „კენკროვანი კულტურები" დაემატა, რომელიც ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსებას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ითვალისწინებს.
სიახლე ასევე გულისხმობს ფინანსური მხარდაჭერას მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენისას. პროქტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში, ასევე 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში კი დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალის ღირებულების 100%.
ამხანაგობა „ქართული კენკრა", სამი ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეწყოთ, ჩაერთვნენ პროგრამაში „დანერგე მომავალი" და მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰა-ზე გააშენეს. ამხანაგობამ 2017 წელს ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53 305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35 805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17 500 ლარი — წვეთოვანი სისტემებისთვის.
„ეს სახელმწიფო პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ნამდვილად ვერ მოვკიდებდით ხელს ამ საქმეს, ვფიქრობთ, სახელმწიფოსგან ძალიან სოლიდური დაფინანსება მივიღეთ და მის გარეშე გაგვიჭირდებოდა, რადგან ამ ბაღის გაშენება ძალიან დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული"- აღნიშნა ამხანაგობა „ქართული კენკრის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ია თოფურიამ „Sputnik —საქართველოსთან" საუბრისას.
ბენეფციარი სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი" შესულ ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 100 %-იანი დაფინანსების შემთხვევაში, როცა მეწარმის მხრიდან თანამონაწილეობა არ არის, არსებობს საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და დაბალი პასუხისმგებლობის საშიშროება.
მარნეულში ამხანაგობას ჟოლო და მაყვალი აქვთ გაშენებული. მოცვი იმ მხარეს არ მოდის, ამ მცენარეს მჟავე ნიადაგი სჭირდება, ეს კი უფრო დასავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი.
„კენკრა არაჩვეულებრივი პროდუქტია, ძალიან სასარგებლო და გემრიელი. თანაც პირველივე წელს გაძლევს მოსავალს"- აღნიშნა ია თოფურიამ.
საქართველოში ძირითადად ამერიკული ჯიშებია გავრცელებული, რომლებიც ქართულ ნიადაგსაც კარგად შეეგუა და გემოც საკმაოდ კარგი აქვს.
ია თოფურიას მიჩნია, რომ საქართველოში მოყვანილი კენკროვანი ხილი კონკურენტუნარიანი საექსპორტო ბაზრებზეც იქნება, თუ რა თქმა უნდა ეს იქნება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომლის მოყვანაც ყოველგვარი პესტიციდების და ჰერბიციდების გარეშე მოხდება.
„საქართველო ევროკავშირის ბაზრებზე წარმოების მოცულობით ვერ შეეჯიბრება ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორებიც არის ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ ორგანულად მოყვანილი პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის არის და ფასიც ძალიან მაღალია და თანაც ეს არის ის ნიშა რომელიც არ არის სრულად ათვისებული"- აღნიშნა ია თოფურიამ.
ევროკავშირის ბაზრებზე ქართული კენკრის ექსპორტირებას ხელს ლოგისტიკასთან დაკავშირებული სირთულეებიც უშლის. ამასთან, მისი შორეულ ქვეყნებში ტრანსპორტირება მხოლოდ შოკური მეთოდით გაყინვის შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც პროდუქტის სწრაფ გაყინვას გულისხმობს მინუს 35 გრადუს ტემპერატურაზე და რასაც სპეციალური მაცივრები სჭირდება.
„ამ მალფუჭებადი პროდუქტის ექსპორტირება მარტივია მეზობელ ქვეყნებში ან იმავე სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რადგან ისეა აწყობილი ლოგისტიკა, რომ შეგიძლია დილით ჩატვირთო თვითმფრინავში და საღამოს უკვე ქსელში შევიდეს"-აღნიშნა ია თოფურიამ.
ია თოფურიას აზრით, კარგი იქნება ასევე თუ ქვეყანაში კენკროვანი ხილის გადასამუშავებელი საწარმოები აშენდება.
პროექტის კენკროვანების ქვეკომპონენტი განხორციელდება: იმერეთში — გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში სამეგრელო-ზემო სვანეთში.
პროექტის „დანერგე მომავალი" განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მიზანი მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ნატა პატარაია