რა ცვლილებები შევიდა სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი"

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიჟოლოს პლანტაცია
ჟოლოს პლანტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ პროექტში ამიერიდან მცირე მიწიანი ფერმერებიც ჩაერთვებიან.

სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი" ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი — „კენკროვანი კულტურები", რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„საექსპორტო ბაზრებზე ლურჯი მოცვი, მაყვალი და ჟოლო დღეს ყველაზე მოთხოვნადი კულტურებია. საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ასეთი კულტურების ინტენსიურ ბაღებში წარმოებაა შესაძლებელი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

თეა ქუთათელაძე - Sputnik საქართველო
მარნეულში გაშენებული კენკროვანი პლანტაცია ახალი საავტომობილო მაგისტრალის პროექტში მოხვდა

ახალი ქვეკომპონენტი ითვალისწინებს ფინანსური მხარდაჭერას მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენისთვის.

დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში,100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალის ღირებულების 100%.

მინისტრის განცხადებით, ადრე პროგრამა ფარავდა საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას — ფერმერებს, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ ერთჰექტრიანი მიწის ნაკვეთი, რაც პროგრამაში ჩართვის პირობა იყო. პროგრამის ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში კი, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება.

ლურჯი მოცვი - Sputnik საქართველო
ოზურგეთში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

„ჩვენ იმ ფერმერების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომლებიც მზად არიან, რომ ასეთი კულტურების წარმოების ტექნოლოგიები შეისწავლონ. მათ მომზადებას სახელმწიფო უფასოდ განახორციელებს. ის ფერმერები, რომლებიც გაივლიან მომზადების კურსს, შესაბამის ტესტირებას და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, სახელმწიფოს მხრიდან სრულ 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეალიზაციაში დახმარებაც", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება იმ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი" კენკროვანების ქვეკომპონენტი განხორციელდება:

იმერეთში — საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;

გურიაში — ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;

რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში — ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში;

სამეგრელო-ზემო სვანეთში — წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

პროექტის „დანერგე მომავალი" განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.

პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0