თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო „მოქალაქეობის შესახებ" კანონში შესწორებების განხილვას იწყებს, რომელთა თანახმად, იზღუდება პრეზიდენტის უფლებები მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის ნაწილში.
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. დოკუმენტის განმარტებაში აღნიშნულია, რომ შესწორებები საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებმა განაპირობა. ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქციით, საქართველოს მოქალაქეობა, სხვა ქვეყნის პასპორტის მიღების შემთხვევაში, უნდა შენარჩუნდეს.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს მოქალაქეობის საკითხებში კომისიის რეკომენდაციებით. კომისია იღებს უცხოეთის მოქალაქეების განაცხადებს და შერჩევის შემთხვევაში ხელმოწერისთვის პრეზიდენტს უგზავნის. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პრეზიდენტი იღებს.
შესწორებების დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეობის მიღება, შეწყვეტა ან დაკარგვა განისაზღვრება კომისიის დადგენილებით და არა პრეზიდენტის ბრძანებით.
ამასთან ერთად სახელმწიფოს მეთაურს ამა თუ იმ ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭება კომისიის გვერდის ავლითაც შეუძლია. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პრეზიდენტისადმი მიმართვა გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღების თაობაზე უკვე აღარ იქნება შესაძლებელი.
შესწორებები ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს კომისიის დაკომპლექტების მხრივ. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი იქნება. ამას გარდა, კომისიაში შევა სააგენტოს ორი წარმომადგენელი და არც ერთი — პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.
მოქალაქეობის საკითხებში კომისიის შემადგენლობა 2018 წლის იანვარში შეიცვალა. ის ოთხის ნაცვლად ექვსი წევრისგან დაკომპლექტდა, ხოლო სათავეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩაუდგა. დღეს კომისიაში შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთი წარმომადგენელი.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მოქალაქეობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ახალი მექანიზმის დანერგვას. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გარდა მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებისა, სასამართლოში გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამჟამად ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ჩვეულებრივი წესით — თუ უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ქვეყანაში ქონება აქვს. შესწორებების თანახმად, ხუთწლიანი ვადა ათ წლამდე გაიზრდება. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კი ორწლიანი ვადა ხუთ წლამდე იზრდება.
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ერთდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც.
თუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას აპირებს, გადაწყვეტს ქართული მოქალაქეობის შენარჩუნებას. მან ამის შესახებ სახელმწიფოს წინასწარ უნდა აცნობოს. ამასთან, ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი პირობებიდან ერთს: მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ან ადამიანი მინიმუმ ხუთი წელი უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს საქართველოში კანონიერად.
სიახლეს წარმოადგენს ასევე მოქალაქეობის აღდგენის უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილი მოქალაქე, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის პასპორტის მიღების გამო დაკარგა, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებს უფლებას, მიმართოს სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.