თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში იგეგმება ღვინის პირველი მუზეუმის აშენება, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება, იუწყება გაზეთი „რეზონანსი".
პროექტის ხელმძღვანელის მაია ჩადუნელის თქმით, მუზეუმს ეწოდება „ქვევრი", მაგრამ მისი აშენების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ამისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან.
ძირითადად განიხილება რიყის პარკის ტერიტორია, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და მცხეთა.
პროექტის ღირებულება დაახლოებით ათ მილიონ ლარს შეადგენს, მუზეუმი 800 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს.
მუზეუმი „ქვევრი" ოთხსართულიანი, რამდენიმე ნაწილად დაყოფილი შენობა იქნება. მიწისქვეშა სართულზე განთავსდება მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინტალაციები. პირველ სართულზე — სადეგუსტაციო დარბაზი, ღვინის სალონი და მაღაზია; მეორეზე — სივრცე მასტერ-კლასებისთვის, ქართული პროდუქტების, სუვენირებისთვის და კაფე; ბოლო სართულზე კი — რესტორანი ტრადიციული ქართული სამზარეულოთი.
როგორც ჩადუნელმა აღნიშნა, ეს პროექტი კერძო ინიციატივაა, თუმცა დახმარება საჭიროა სახელმწიფოს მხრიდანაც. მშენებლობის დასრულება და პირველი სტუმრების მიღება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება, მაგრამ ამისთვის აქტიური თანამშრომლობაა საჭირო.
ღვინის ქვევრში დამზადების ქართული მეთოდი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მეღვინეობის სამშობლო საქართველოა.