ენერგოკრიზისის პირობებში, როდესაც მთელი საქართველო წყვდიადში იყო, მზის ენერგიის გამოყენება ყველაზე უფრო დროული და საშური საქმე გახლდათ. 90-იან წლებში პირველი, ვინც საქართველოში მზის სელექტორები შემოიტანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწა“ იყო. მათი საქმიანობა მაშინ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩა. დღეს ეს ორგანიზაცია საქმიანობას მხოლოდ საქართველოს საზღვრებს გარეთ განაგრძობს. ჩვენ დავუკავშირდით მის დამაარსებელს და დირექტორს ნუგზარ მელაძეს.
– ბატონო ნუგზარ, თქვენმა ორგანიზაციამ იმ დროს დაიწყო მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით მუშაობა, როდესაც ქვეყანაში ენერგოკრიზისი იყო, ამით ფაქტობრივად ბევრად გაუსწარით დროს…
— არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწა“ 1994 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი ადამიანის ბუნებასა და ეკოლოგიასთან თანაარსებობა იყო. ამ კუთხით მზის ენერგიის და განახლებადი ენერგეტიკის გამოყენება ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტი გახდა.
– საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ლოგიკური იქნებოდა, სახელმწიფო პროგრამებში ყოფილიყავით ჩართული, მაგრამ ასე არ მოხდა, რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობდა?
— მართლაც ლოგიკური იქნებოდა, რომ მსგავსი საქმიანობა სახელმწიფო პროექტის ნაწილიც გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. გეთანხმებით იმაში, რომ იმ პერიოდში დროს ვუსწრებდით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მთლიან სახელმწიფო პროგრამებში პაატა შევარდნაძე იყო ჩართული და მისი თანხმობის გარეშე დაფინანსებას ვერავინ მიიღებდა.
– რა ბედი ეწია იმ დროს თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილ მზის სელექტორებს და დღეს როგორ ხდება საქართველოში მზის სისტემების განვითარება?
— იმ პერიოდში გაკეთებული სისტემები დღესაც შეუფერხებლად მუშაობს. ჩვენ დროში ძალიან „საინტერესოდ“ ხდება საქართველოში მზის სისტემების განვითარება. თუ ტენდერი ჩააწყე, მაშინ შენ გიკვეთავენ. მერე მათი შეცდომების გასწორებას ჩვენ გვთხოვენ, მაგრამ უფასოდ. არის ბევრი ადგილი, სადაც ამ სისტემებს არც ერთი დღე არ უმუშავია. რამდენჯერმე მივწერეთ სახელმწიფო სტრუქტურებს, თუ რა დარღვევით და მიკერძოებით ხორციელდება ამ სფეროში პროექტები, თუმცა მათ ჩვენი მიმართვა, სამწუხაროდ, არასოდეს გაითვალისწინეს.
– თქვენი ორგანიზაცია დღესაც აგრძელებს საქმიანობას და საინტერესოა, რა სახის აქტივობები და პროექტები გაქვთ განხორციელებული?
— ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას იღებდა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო პროექტებში. მისი წევრები არიან პროფესორები, უნივერსიტეტის ლექტორები, ყველა ის სპეციალისტი, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მუშაობს. ჩვენ პროფესიონალები ვართ და თითქმის ყველა პროექტს უცხოეთში ვახორციელებთ, მაგალითად, ინგლისში, კანადაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ინდოეთში, კენიაში.
– ანუ საქართველოში აღარ ახორციელებთ პროექტებს?
— საქართველოში მსგავსი სისტემები ბევრ მონასტერსა თუ ეკლესიაში უცხოელი დონორების დაფინანსებით დავაყენეთ. ასეთები იყო ფოკას მამათა მონასტერი, დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მარტყოფის დედათა მონასტერი და მრავალი სხვა ადგილი. ასევე ეს სისტემები საქართველოს ბევრ ბაგა-ბაღსა და ბავშვთა სახლში დავამონტაჟეთ. ბოლო პროექტი, რომელზეც წარმატებით ვიმუშავეთ, არის ჰიბრიდული სისტემა — თბური ტუმბოსა და მზის სისტემების ერთობლიობა, რაც ძალიან ეკონომიურია. საცდელი პროექტი შატილში, ბავშვთა პანსიონში განვახორციელეთ, რამაც გაამართლა. დასასრულ გეტყვით, რომ დღეს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად მზის სისტემების ფასები დაწეულია და ისინი კონკურენციას უწევენ ჩვენში არსებულ სხვა სისტემებს, ასე რომ, მათი შეძენა საკმაოდ რენტაბელურია.