თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ნატურალური ორგანული ქართული პროდუქციის მესამე ბაზრობა თბილისში 3 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე.
ბაზრობა იმართება პროექტ „გემოვანის“ ფარგლებში, რომელიც 80 ქართველ მწარმოებელს აერთიანებს.
ამჯერად გასტრონომიულ ბაზრობას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ უმასპინძლებს.
პროექტის მთავარი მიზანი ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის ნატურალური, ქართული ტრადიციული წესით წარმოებული სურსათის მიწოდებაა. სასურსათო ბაზრობაზე 70-მდე ფერმისა და მეურნეობის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ქართველი მწარმოებლები წარმოადგენენ იშვიათ პროდუქტებს: კიტრისა და პომიდვრის მურაბას, უშაქრო ტკბილეულობას, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს ხილისა და ბოსტნეულისგან, აგრეთვე მრავალფეროვან ხორცისა და რძის ნაწარმს, მათ შორის ქართული ყველის უამრავ სახეობას.
Esquire: ქართული ღვინო საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულშია >>
ორგანიზატორთა თქმით, ზაფხულში ყოველკვირეული ბაზრობის გამართვა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე იგეგმება. ერთ-ერთი ლოკაცია, სავარაუდოდ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იქნება.