სკანდალი ღვინის გრადუსით: „ბადაგონის" საქმე შეწყდა

გამოწერა
კომპანია "ბადაგონის" წილებთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებები დაახლოებით ხუთი თვე გაგრძელდა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი მსხვილი ღვინის კომპანია Badagoni-ს შემოწმებისას დანაშაულის ნიშნები ვერ გამოავლინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

სასამართლოს სიმბოლოები - Sputnik საქართველო
სასამართლო დავები ბიზნესისათვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება

Badagoni პოზიციებს თმობს – კომპანიამ ოფისი დახურა>>>

საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის შემოწმება მიმდინარე წლის იანვარში „ბადაგონის" ყოფილი მფლობელის, კომპანია Grakoro traiding limited-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ბადაგონის" ამჟამინდელმა მფლობელმა გიორგი სალაყაიამ უკანონოდ მიითვისა წილი. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით („მითვისება ან გაფლანგვა").

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშულის ნიშნები არ გამოკვეთილა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა", — განაცხადეს პროკურატურაში.

სალაყაია მთელი ეს პერიოდი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდა და აცხადებდა, რომ ის არის "ბადაგონის" კანონიერი მფლობელი. საქმის შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება მან პოზიტიურად მიიღო.

„მეგობრებო, დღეს არის განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი დღე როგორც ჩემ პირად ცხოვრებაში, ასევე „ბადაგონის" ისტორიაში. დღეს „ბადაგონი" ზეიმობს გამარჯვებას! ამ გამარჯვებას კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ზეიმობს ათიათასობით "ბადაგონის" მხარდამჭერი და მომხმარებელი", — დაწერა სალაყაიამ კომპანიის Facebook-გვერდზე.

ვიდრე კომპანიაში საგამოძიებო ღონისძიებები ტარდებოდა, აღნიშნული საკითხის გადაჭრაში დახმარებისთვის სალაყაიამ არაერთხელ მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიზნეს-ომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს.

ჯორჯ დე სილვა პორტუგალიიდან - Sputnik საქართველო
ვინ გადააგდეს „ბადაგონში“ - ღვინის კომპანიაში ვითარება დაიძაბა

„ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნო და არ გადავუხადო მადლობა პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერისთვის და ასევე ფინანსური პოლიციის და პროკურატურის ყველა იმ მუშაკს, რომელმაც გამოიჩინა პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და ოპერატიულობა „ბადაგონის" საქმის გამოძიების პროცესში", — დასძინა სალაყაიამ.

კომპანია „ბადაგონი" 2006 წელს დაფუძნდა. რაც შეეხება კომპანიის წილებს, რეესტრის მონაცემების თანახმად, პირველი განცხადება მათი ცვლილების შესახებ 2010 წლის 1 თებერვლით არის დათარიღებული. იმ დროისთვის Grakoro trading limited-ი წილის 79%-ს ფლობდა, მიხეილ სვიმონიშვილი, ნატო ზაალიშვილი და შოთა გვარაძე კი თითოეული 7%-ს, რომლებმაც საკუთარი წილები Grakoro trading limited-ის სასარგებლოდ დათმეს.

ასე რომ, 2010 წელს Grakoro trading limited-ი „ბადაგონის" ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2013 წლის ივლისში კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი გახდა გიორგი სალაყაია, 60% კი კვლავ Grakoro trading limited-ს დარჩა.

2015 წლის იანვარში Grakoro trading limited-ის წილი კიდევ 10%-ით შემცირდა, სალაყაიასი კი, პირიქით, 10%-ით გაიზარდა. 2015 წლის ბოლოსთვის სალაყაია კომპანიის მფლობელი გახდა 100%-იანი წილით.

ყველა ახალი ამბავი
0