თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი ქართველი დიპლომატი — ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მარგველაშვილმა დააჯილდოვა დიპლომატები საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ამჟამად მენაღარიშვილი სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია, ხოლო ჯაფარიძე — საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მრჩეველი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.
„ჩვენ აღვნიშნავთ ორი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის ღვაწლს. ადამიანებისა, რომელთა მუშაობაც და მოღვაწეობაც დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ეპოქასთან, არამარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ გლობალურად, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო 30 წელიწადში უაღრესად სწორედ განისაზღვრა საქართველოს როლი და ფუნქცია როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე იმ საერთაშორისო გზავნილში, რომელსაც საქართველო თავის თავს, რეგიონს და მსოფლიოს უგზავნიდა.
საქართველოს ბრწყინვალების ორდენის კავალერი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა >>
„დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ საერთაშორისო წარმატებაზე, აი, ეს უაღრესად სწორედ დანახული ქვეყანა, რეგიონი, ფუნქცია, მისია, — სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა… მინდა ჩემი და ჩვენი სახელმწიფოს სახელით მადლობა გითხრათ მოღვაწეობისთვის და შესაბამისად, გამოვყო თქვენი ღვაწლი წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.