თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ლომბარდები საქართველოში ხშირად ხდება კრიმინალის წახალისების წყარო, რადგან იქ ნაქურდალი ნივთების დაგირავების შესაძლებლობა არსებობს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
აღნიშნული განცხადება ბახტაძემ გააკეთა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომლებსაც ფინანსების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
დამუხრუჭებული მუხრუჭი… ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს! >>
„სამწუხაროდ, ლომბარდების საქმიანობის ზრდასა და კრიმინალს შორის კავშირი იკვეთება. როდესაც კრიმინალური ფაქტი, სხვადასხვა ნივთის ქურდობა ხდება, არსებობს შემთხვევები, რომ ეს ნივთები მიაქვთ ლომბარდში. ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს პრობლემა მოგვარდება სპეციალური ელექტრონული სისტემის დანერგვის შედეგად, რომელშიც ლომბარდების მეპატრონეები დაგირავებული ნივთების შესახებ ინფორმაციას აღრიცხავენ.
„აქედან გამომდინარე, ის ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ ამ ბიზნესში დარჩენა, ახალი სამართლიანი წესები უნდა გაიზიარონ. მათ მიეცემათ გონივრული ვადა, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელშიც თითოეული ლომბარდი ელექტრონულად დაგირავებულ ნივთებს აღრიცხავს, სადაც ტრანსპარენტულობის ძალიან მაღალი ხარისხი იქნება, და გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს კრიმინალის წახალისების წყარო იყოს, გამოვრიცხავთ იმას, რომ ლომბარდში ნაქურდალი ნივთების დაგირავება მოხდეს“, — დასასრულს აღნიშნა მან.
ლომბარდები ბახტაძის კრიტიკის ობიექტი პირველად არ ხდება. მაისის დასაწყისში მან გამოხატა უკმაყოფილება და აღნიშნა, რომ მისი უწყება ამ დაწესებულებების წესების შეცვლას აპირებს. პირველ რიგში ეს უძრავი ქონების და ავტომობილების დაგირავებას ეხებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 875 ლომბარდია და აქედან დაახლოებით 56% — თბილისში. ლომბარდების მიერ 2017 წელს გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 64,7% ეროვნულ ვალუტაშია. წლის ბოლოს ვალმა 393,8 მლნ ლარი შეადგინა.
ამჟამად, ლომბარდის გახსნას სპეციალური ლიცენზია არ სჭირდება. მის საქმიანობას მხოლოდ საგადასახადო კოდექსი არეგულირებს.