ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსს“ გამოეთიშა

© FB / Nikoloz Basilashvili ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მესამე წრემდე მივიდა, სადაც თვით ნადალთან დამარცხდა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (77-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის“ სერიის საჩოგბურთო ტურნირ „როლან გაროსის“ პირველივე რაუნდში დამარცხდა.

ქართველ ჩოგბურთელსა და 33 წლის ჟილ სიმონს (65) შორის შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა და ფრანგის გამარჯვებით დასრულდა — 6:4, 6:0, 6:7, 6:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან რომის ტურნირზე დამარცხდა

ფრანგი ვეტერანის წარმატების საწინდარი მეტოქის ჩაწოდებაზე წარმატებული თამაში და არაიძულებითი შეცდომების ნაკლები რაოდენობა გახდა. მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდების აღება ერთხელ შეძლო, სიმონმა კი ექვსი ბრეიკი გააკეთა. რაც შეეხება არაიძულებით შეცდომებს, ქართველ ჩოგბურთელს ის 87 მოუგროვდა, მის ოპონენტს კი მხოლოდ 41.

გასულ წელს ბასილაშვილი „როლან გაროსის“ მესამე წრემდე მივიდა, სადაც ტურნირის მომავალ გამარჯვებულს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუთმო. შეჯიბრების ასეთ ადრეულ სტადიაზე წაგება ნეგატიურად აისახება ქართველი ჩოგბურთელის პოზიციაზე АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 11 ივნისს გამოქვეყნდება.

პირველ რაუნდში დამარცხების მიუხედავად, ბასილაშვილმა ათი სარეიტინგო ქულა და 40 000 ევრო გამოიმუშავა.

ნადალი-ბასილაშვილი: მასტერ-კლასი „როლან გაროსზე“>>

ტურნირი პარიზში 10 ივნისამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდი 18 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 2,2 მილიონ ევროს მიიღებს.

„როლან გაროსის“ მოქმედი გამარჯვებულია ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც პარიზის კორტებზე 10-ჯერ მოიგო, რაც რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0