თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროსის“ მესამე წრეში ესპანელ რაფაელ ნადალთან სამ სეტში ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 წააგო და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ცხრაგზის გამარჯვებულსა და მსოფლიოს 63-ე ჩოგბურთელს შორის მატჩი სულ საათნახევარი გაგრძელდა.
ნადალისათვის „როლან გაროსზე“ ეს გამარჯვება 75-ე გახდა. აღსანიშნავია, რომ 13 წლის განმავლობაში მან პირველად მოიგო მატჩი ისე, რომ მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმის მოგების საშუალება მისცა. დღევანდლამდე „რეკორდი“ ხუან მონაკოს ეკუთვნოდა, რომელმაც 2012 წელს, მერვედფინალში, ნადალთან ორი გეიმის მოგება მოახერხა (2:6, 0:6, 0:6).
"როლან გაროსი" – "დიდი სლემის" სერიიდან სეზონის მეორე ტურნირია. მისი საპრიზო ფონდი 16 მილიონ 790000 ევროს შეადგენს. მოქმედი ჩემპიონია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.