თბილისი, 26 მაისი — Sputnik. „თავგადასავალი ბათუმში“ (Adventures in Batumi) – ასე ეწოდება თემატურ სიუჟეტებს აჭარის ტურისტულ პოტენციალზე, რომელთაც ტელეარხ Euronews-ი ტრანსლირებს. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უამბეს.
Euronews-ის ჟურნალისტმა დენის ლოკტიემ მტირალას ეროვნული პარკი, გოდერძი და ბათუმი მოინახულა და ახლა არხის მაყურებელს აცნობს.
სიუჟეტების სერია Euronews-ის ეთერში მაისის ბოლომდე იტრიალებს. სიუჟეტების გარდა, არხზე ტრიალებს სარეკლამო რგოლი აჭარის შესახებ. აჭარის ტურისტულ პროდუქტებს და სერვისებს Euronews-ზე 195 ქვეყანაში ეცნობიან.
ამჟამად აჭარაში კიდევ რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი იმყოფება, რომლებიც რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე მასალებს ამზადებენ.
პროექტის მიზანია — პოტენციური ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ აჭარა — საინტერესო ტურისტული მიმართულებაა არამარტო ზაფხულის სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ტელეკომპანიებთან 2017 წლიდან თანამშრომლობს. საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს ისეთ რეიტინგულ ტელეარხებზე, როგორიცაა BBC, CNN, Deutsche Welle, Euronews.
საქართველოში ბოლოდ დროს ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის. ტურისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს ბათუმი წარმოადგენს.