თბილისი, 24 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მთავრობამ თბილისის რამდენიმე უბნის მიმართულებით ავტობუსების შვიდი ახალი მარშრუტის ამოქმედებისა და ხუთი არსებული მარშრუტის დაგრძელების საკითხი განიხილა, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობენ ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია მოცდის ინტერვალი. როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ და პარკი შეიცვლება, ეს პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება“, — განაცხადა კახა კალაძემ.
ავტობუსების მარშრუტებში განსახორციელებები ცვლილებები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას თბილისის საკრებულო დაამტკიცებს.
პროექტის მიხედვით, გამოიყოფა 25 ახალი დამატებითი ავტობუსი, რომლებიც კრიტიკულად გადატვირთულ ათ სამარშრუტო ხაზს დაემატება, ხოლო სამ მარშრუტზე პატარა ავტობუსები დიდი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდება.
მუნიციპალური ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:
№ 57 — კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მეტრო „ისნის“ გავლით მეტრო „სამგორამდე“ (1 ავტობუსი)
№ 58 — ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი)
№ 63 – მეტრო „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
№ 64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
№ 67 — მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
№ 74 — წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
№ 76 — მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი)
კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობის გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.