თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისთვის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტი გაუქმდა და მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" შეითავსებს და განახორციელებს.
დღეიდან ქუჩებში არასწორად გაჩერებული ავტომობილების მფლობელებს „სითი პარკის“ ნაცვლად „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დააჯარიმებს. ასევე ამ კომპანიის თანამშრომლები შეამოწმებენ, აქვთ თუ არა მძღოლს გადახდილი პარკირების საფასური.
კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება. თუ ათ აპრილამდე ავტომობილის მფლობელს დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა, ის ვალდებულია თანხა კვლავ „სითი პარკს“ გადაუხადოს.
თბილისის მერი განმარტავს, რომ ტექნიკური ჯგუფი შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად უკვე მზად არის.
„დღეიდან დედაქალაქის პარკირების სიტემის მენეჯმენტს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ კომპანიაში არის სრული მზადყოფნა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი ტრანსპორტირებამ განახორციელოს. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეების შეძლებენ, როგორც ჯარიმების, ისე პარკირების საფასურის გადახდას. ასევე გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას“,-განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ჯარიმებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას და არსებული რეალობის შეცვლას.
მანამდე, კალაძემ განაცხადა, რომ კომპანია „სითი პარკის" 120 თანამშრომელი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" დასაქმდება, ისინი ძირითადად ინსპექტორები იქნებიან. მერის განმარტებით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის. ასევე, დროებით, პარკირების კონტროლი ავტობუსების კონტროლიორებსაც დაევალებათ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წარმომადგენლების განცხადებით, სატრანსპორტო სამსახურს აქვს შესაბამისი ტექნიკა, ევაკუატორებს კი დროებით, ტენდერის გამოცხადებამდე, იქირავებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რათა სამომავლოდ პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს. როგორც მან განაცხადა, „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება მიუღებელი და არასწორია.
„სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო თბილისის მერია პირგასამტეხლოს, 25 მლნ ლარის გადახდას არ აპირებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, პირობები დაარღვია, იგი არ ითვალისწინებდა გაფრთხილებებს, შესაბამისად, მერიამ მოქალაქეების უფლებების დასაცავად კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანია „სითი პარკის" განცხადებით კი, თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.
კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა.