თბილისი, 16 მაისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" საქართველოს პარლამენტს სამორინეებსა და სიგარა-ბარებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში და თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალა, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე. გამონაკლისია ღია ვერანდები, ბარებისა და რესტორნების ტერასები, სამორინეები და სიგარა-ბარები, ასევე საპატიმროები და ფსიქიატრიული კლინიკები.
„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის მეათე მუხლში, სადაც „ე" ქვეპუნქტით მოწევა, გამონაკლისის სახით, სამორინესა და სიგარა-ბარებში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და ითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულების შენობაში – არა მხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში.
„1 მაისიდან კანონის ამ რედაქციით ამოქმედება სათამაშო ბიზნესის ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას გამოიწვევს", — აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" პარლამენტში წარადგინა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი" გამოეხმაურა ასოციაციის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივი გამოსავალი არსებობს, კერძოდ, კანონში გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი თავად სამორინეებსა და სიგარა-ბარებშიც.
„ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი კანონი სამორინეებს თითქოს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება… გამოსავალი მარტივია: თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარა-ბარებში, რაც „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" მიერ დასახელებულ მონოპოლიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარ-ბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან", — ნათქვამია ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წევრების განცხადებით, ისინი სამორინეებში და სიგარ-ბარებში გამონაკლისის სახით თამბაქოს მოხმარების დაშვების წინააღმდეგი თავიდანვე იყვნენ.
„თამბაქოს ალიანსი მზად არის ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან", — ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
აქტიური ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ საქართველოში 2016 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია.