კანონი ამოქმედდა: თამბაქოს ღერებით ვეღარ შეიძენთ

გამოწერა
ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს რეალიზაცია იკრძალება სკოლების, საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე, ასევე ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. დღეიდან, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობით, თამბაქოს ნაწარმის ღერებით გაყიდვა იკრძალება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

გოგონა სიგარეტით ხელში - Sputnik საქართველო
მოწევა კლავს - საქართველოში თამბაქოსგან ყოველწლიურად 11 000 ადამიანი კვდება

ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი, პაპიროსი, სიგარა, სიგარილა, საჩიბუხე ან ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო, შესახვევი თუთუნი, დასაღეჭი, შესასუნთქი ან საწუწნი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.

ამასთან, 1 მაისიდან იკრძალება სიგარეტის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ან განლაგება შემდეგ ადგილებში:

საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან);

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;

საჯარო დაწესებულებაში — ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება.

სიგარეტის კვამლი - Sputnik საქართველო
ცნობილი ადამიანები, რომლებიც თამბაქოს მოხმარებამ იმსხვერპლა

„თამბაქოთი ვაჭრობის ძირითადი მაკონტროლებელი გახლავთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ღერებით გაყიდვა არის მასობრივი ხასიათის და ეს ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვები გახდნენ თამბაქოზე დამოკიდებული", — განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია 150 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენა — 300 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ანალოგიური ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია.

ახალი რეგულაციების თანახმად, აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევის შემთხვევაში ჯარიმები ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან იწყება, იურიდიული პირებისთვის კი 500 ლარიდან.

ყველა ახალი ამბავი
0