თბილისი, 1 მაისი — Sputnik. დღეიდან საზოგადოებრივ შენობებში თამბაქოს მოწევასთან ერთად მისი მასობრივი საშუალებებით დემონსტრირება და სპონსორობაც იკრძალება, ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში.
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
ახალი რეგულაციების მიხედვით თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი, პაპიროსი, სიგარა, სიგარილა, საჩიბუხე ან ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო, შესახვევი თუთუნი, დასაღეჭი, შესასუნთქი ან საწუწნი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.
თამბაქოს რეკლამისა და სპონსორობის რეგულაციებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს, მის შესრულებას კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია გააკონტროლებს.
მოწევასთან ბრძოლა საქართველოში: გაერო კმაყოფილია>>>
1 მაისიდან გაკონტროლდება სატელევიზიო სივრცე, სადაც სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლი უნდა აჩვენონ. აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, თუ მწეველი ღია სივრცეში პირდაპირი ეთერისას შემთხვევით მოხვდება კადრში.
რაც შეეხება ფილმებს, ახალი კანონის თანახმად, ფილმი ან სხვა შემოქმედებითი პროდუქცია, რომელშიც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ საშუალებად და მისი ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე- ან რადიორგოლი ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.
ასევე, დღეიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით, თუ ის ობიექტის შიგნით ან გარედან გამოჩნდება.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სავაჭრო ობიექტები, რომელზეც იქნება გარე რეკლამა, ან შიდა აქსესუარები, რომლებიც თამბაქოს რეკლამას გულისხმობს, 3 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
1 მაისიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში – პოლიცია, ტრანსპორტის შემთხვევებში – შესაბამისი ადმინისტრაციები, სამედიცინო დაწესებულებებში – ჯანდაცვის სამინისტრო) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს.
წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში — 100 ლარით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა გაორმაგდება. ფიზიკური პირი სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 100 ლარით. თუ ფიზიკური პირი საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს თამბაქოს, დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორებისას კი 100 ლარით.