შიდა ტურებზე ყველაზე დიდი პრობლემა მომსახურების დაბალი ხარისხი და არც ისე კეთილგანწყობილი პერსონალია. განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ტურისტული კომპანია „გოუ ტურის“ დირექტორმა ნინო წიკლაურმა.
„ხშირად ადამიანები, იქნება ეს სასტუმროში თუ კვების ობიექტში, კლიენტებს ისეთი მოღუშული სახით ემსახურებიან, თითქოს ვინმეს მათი ვალი ემართოს. ზოგჯერ მითქვამს კიდეც, ოდნავ მაინც გაიღიმეთ, ეს ხომ თქვენი სამსახურია“, — აღნიშნა ნინო წიკლაურმა.
ასეთ მომსახურებას ტურისტები ძირითადად რეგიონებში იღებენ. თუმცა გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოს დედაქალაქია.
ტურისტული კომპანიები რეგიონებში მდებარე სასტუმროებსა და რესტორნებში ზოგჯერ ზედმეტად მაღალ ფასებსაც უჩივიან.
„ხშირად სასტუმროები, იქნება ეს საოჯახო თუ სხვა ტიპის, ჩვენ გვაწვდიან უფრო მაღალ ფასებს, ვიდრე უთითებენ თუნდაც Booking.com-ზე, რომელსაც მინიმუმ 15%-ს უხდიან, ჩვენ კი გვეუბნებიან, მე ეს თანხა მინდა და თქვენ რამდენადაც გინდათ, იმდენად გაყიდეთო, და მე მეტად როგორ უნდა გავყიდო?!“ – კითხულობს ტურისტული კომპანიის დირექტორი.
რეგიონებში პრობლემაა ინფტრასტრუქტურაც.
„ყველგან არ არის მოწესრიგებული გზები, არ არის საკმარისი რაოდენობის საზოგადოებრივი საპირფარეშო, არაფერს ვამბობს მათ სისუფთავეზე“, – აღნიშნა ნინო წიკლაურმა.
ტუროპერატორების უმეტესობა კვალიფიციური გიდებისა და პროფესიონალი მძღოლების ნაკლებობაზეც საუბრობს.
მათი აზრით, ამ ბიზნესში სერიოზული პრობლემაა ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ტურისტებს ინდივიდუალურად ემსახურებიან.
„ყველას, ვინც ორი სიტყვა იცის რუსულად ან ინგლისურად, შეუძლია დააწეროს მანქანას „ტური საქართველოში“, დადგეს ტურისტულ წერტილში და აიყვანოს ქვეყნის გასაცნობად ჩამოსული უცხოელები. ხშირად ეს „გიდი–მძღოლები“ მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან საქართველოზე, რომ არაფერი ვთქვათ გაუმართავ ავტოტრანსპორტზე და მომსახურების დაბალ ხარისხზე“, – ჩივის ნინო წიკლაური.
მისი თქმით, თუნდაც მეზობელ თურქეთში ვერავინ მოემსახურება ტურისტს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რადგან მსგავსი ქმედება სოლიდურ ჯარიმებს ითვალისწინებს.
„აქაც უნდა დაინერგოს ეს პრაქტიკა და იმ გიდების და მძღოლების ლიცენზირება უნდა მოხდეს, რომლებიც ტურისტებს ინდივიდუალურად ემსახურებიან“, – მიაჩნია მას.
ნინო წიკლაური ტურიზმის სფეროში ხუთ წელზე მეტია მუშაობს. მას იმედი აქვს, რომ არსებული პრობლემები სექტორის განვითარებასთან ერთად მოგვარდება.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი სეგმენტია. გასულ წელს იმ ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც ქვეყანაში 24 და მეტი საათი დაჰყვეს, 3 478,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებზე 27,9%–ით მეტია. 2017 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან მთლიანობაში 2,8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ნატა პატარაია