თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა დიდუბის რაიონში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გვენეტაძის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. ამ დროს სახლში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი 65 წლის მწოლიარე მამაკაცი იყო, რომელმაც სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
ხანძრის შედეგად დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვმა კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული კიდევ ორი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად 60-70 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია.