პრემიერი: საქართველო იქნება მტკიცე ნარკორეალიზატორებთან მიმართებით

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების გეგმებზე ისაუბრა და ადამიანებს, ვინც ახალგაზრდებს შორის ავტორიტეტით სარგებლობენ, ნარკოტიკების წინააღმდეგ კამპანიის ჩატარებისკენ მოუწოდა

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი იქნება, მიუხედავად ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებით კანონმდებლობის შემსუბუქებასთან დაკავშირებული გეგმებისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიაციის შესახებ შესწორებების განხილვა ერთი თვით გადადო. ამას წინ უძღოდა აჟიოტაჟი ახალგაზრდების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ, ახალი, ე. წ. კლუბური ნარკოტიკების მიღების შედეგად დაიღუპნენ.

„რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებით. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ნარკოპოლიტიკის შეცვლის ბიძგი

პრემიერმა მადლობა გადაუხადა შსს–ს, რომელიც აქტიურად მუშაობს ნარკომოვაჭრეების გამოვლენისა და დაკავების მხრივ. ბოლო კვირის განმავლობაში ცხრა ბრალდებული დააკავეს.

„მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ნარკორეალიზატორებთან მიმართებით და შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა პრემიერმა.

იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე.

„ცვლილებები გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით: რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ.“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნარკოტიკების ონლაინ შესყიდვის სქემა გაშიფრა - დაკავებულია ახალგაზრდა ქალ-ვაჟი

ამასთან, მან ახალგაზრდობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნარკოტიკების გამოყენებისგან.

„ეს არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწაფებოდეს. მხოლოდ ამას მოგიწოდებთ და გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა მთავრობის წევრებს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ახალგაზრდებს შორის ავტორიტეტით სარგებლობს – სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს – დაიწყონ კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ.

„ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0