თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ევროპიდან საქართველოს 68 მოქალაქის დეპორტაცია არ აისახება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, შვეიცარია, ბელგია და ისლანდია. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში მოხდა. საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დიუსელდორფიდან სპეცრეისით დაბრუნდნენ.
„იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებიც სავიზო რეჟიმს არღვევენ, აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. ასეთი ფაქტები არ უნდა გაგვიკვირდეს და ზედმეტი აჟიოტაჟიც, ვფიქრობ, არ არის სწორი. გვაქვს შეთანხმება ევროპის წევრ სახელმწიფოებთან, რომ მოქალაქეები, რომლებიც დარღვევით იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე, დავაბრუნოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, რაიმე საფრთხე ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ ემუქრება", – განაცხადა ხულორდავამ.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის რეჟიმი, რადგან ამ რეჟიმის დარღვევა უვიზო რეჟიმს უქმნის საფრთხეს.