თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ, რომელიც ზუსტად ერთი წლის ამოქმედდა.
ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის მარტში აამოქმედა. იმ დროიდან ამ რეჟიმით 192 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში). ევროკავშირის ქვეყნები ბოლო დროს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. შეშფოთება გამოთქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.
„უვიზო მიმოსვლა ნიშნავს მეტ გადაადგილებას, მეტ კონტაქტს და ევროპული ცხოვრების წესთან დაახლოებას. გაიზარდა ბიზნეს ურთიერთობების რიცხვი, გაიზარდა კონტაქტები საგანმანათლებლო სფეროში, ეს ყველაფერი კი ნიშნავს წარმატებას და სწორედ ამას ველოდით… არსებობს შეჩერების მექანიზმი და ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, როდის ხდება მისი გამოყენება. არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენგანს, ევროკავშირს ან საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით წასვლა სურდეს“, — განაცხადა ჰერმანმა ტელეკომპანია Imedi-ს ინტერვიუში.
ევროპელი დიპლომატის თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას შენგენის ზონაში მოგზაურობის წესები არ დაურღვევია. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს მოითხოვდა, რაც მიუღებელია, რადგან რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, რადგან აქ არ არსებობს დევნა რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით.
„მგზავრების უმრავლესობამ წესების და რეგულაციების სრული დაცვით იმოგზაურა, მხოლოდ ძალიან ცოტამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი წესები, ამიტომ დარღვევებს დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ეს არც არის გასაკვირი“, — განაცხადა ელჩმა.
საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის გარდა, ევროკავშირში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ორგანიზებული დანაშაული წარმოადგენს. ხშირად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრები საქართველოს მკვიდრები არიან. ბოლო ორი თვის განმავლობაში საფრანგეთისა და საბერძნეთის სამართალდამცველებმა საქართველოს 12 მკვიდრი დააკავეს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ევროპელ კოლეგებს ქართველი პოლიციელებიც აქტიურად ეხმარებიან.
„კიდევ ერთი საკითხი ორგანიზებული დანაშაულია, ეს არ არის საკითხი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პარალელურად დაიწყო, მაგრამ აუცილებელია მოხდეს პრევენცია. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც მზა რეცეპტის მიცემა შეუძლია საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ეტაპობრივად“, — განაცხადა ჰერმანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს 2 მილიარდ ლარამდე ოდენობის თანხას გამოუყოფს.
„ევროკავშირს აქვს გრძელვადიანი ბიუჯეტი, რომელიც შვიდ წელიწადზეა გათვლილი. ეს არ არის კრედიტი, ეს არის კონკრეტული თანხა კონკრეტული მიზნებისთვის. მომდევნო ორი წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამის სხვადასხვა მიმართულებები. ეს არის ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა“, — დასასრულს აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.
ელჩის თქმით, უვიზო რეჟიმმა საქართველოში ევროკავშირის იმიჯი და პირიქით, ევროკავშირში საქართველოს იმიჯი უნდა გააუმჯობესოს.