თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ითხოვენ გერმანიაში თავშესაფარს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებაზე დაყრდნობით.
უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობლად მატებამ გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდი შეშფოთება გამოიწვია. თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავდა. მოგვიანებით კი გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.
თამარ ხულორდავას განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ მონაპოვრის გაფრთხილება, რაც ვიზალიბერალიზაციის სახით გვაქვს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს გერმანიასთან.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან და ამ ურთიერთობის შედეგად, უკვე ვხედავთ, რომ ის ტენდენცია არის შეცვლილი – ანუ თავშესაფრის მთხოვნელთა ზრდის ტენდენცია არის შეცვლილი კლების ტენდენციით. იმედი მაქვს, რომ ეს ასე დარჩება, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური რეპუტაციისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რომ გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც საშუალებას გააჩენს, უფრო სწრაფად დამუშავდეს ამ ქვეყნიდან მიგრანტების განაცხადები თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში). უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით, გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეიზღუდა და პროცედურები გამკაცრდა.