თბილისი, 9 мая — Sputnik. ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი" (Basiani) 19 მაისს დიდ საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება, ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ტურნეს ფარგლებში ქართული ანსამბლი პირველად ჩინეთს ეწვევა. Basiani მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო მუსიკალურ სიმპოზიუმში „სარტყელი და გზა“, რომელიც 19-22 მაისს გაიმართება. მუსიკოსები წარდგებიან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ შენიანში, საკონცერტო დარბაზ Shenyang Conservatory of Music-ში. გარდა ამისა, ანსამბლი ჩინეთში რამდენიმე სოლო-კონცერტსა და ვორკ-შოპს გამართავს.
ჩინეთის შემდეგ Basiani გაემგზავრება აშშ-ში, სადაც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე წარდგება. ანსამბლი 23 მაისს ვაშინგტონში, „მშვიდობის ინსტიტუტის“ სცენაზე (US Institute of Peace) იმღერებს.
მეორე დღეს, 24 მაისს, Basiani გამართავს კონცერტს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში. Basiani-სთან ერთად აშშ-ში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მუსიკოსები წარდგებიან. არტისტები ქართველი კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის მუსიკალური პროექტ Georgian Overtones-ის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
4 ივნისს ანსამბლი საფრანგეთში მიემგზავრება. იუნესკოს შტაბ-ბინაში გალა-კონცერტზე Basiani ცნობილ ქართველ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან ერთდ წარდგება. კონცერტი პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნება.
პროექტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
საგასტროლო ტურნე 6 ივნისამდე გაგრძელდება.
ანსამბლი "სუხიშვილები" ახალ პროექტს ამზადებს >>
ანსამბლი „ბასიანი" 2000 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის სოლისტების მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით დაარსდა. კოლექტივმა რამდენიმე CD-დისკი გამოუშვა, ის სასულიერო მუსიკის დიდ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასტროლებზე დადის.
ანსამბლის რეპერტუარშია ძველი — ქართული, ბიზანტიური და სირიული ტრადიციული საგალობლები და ხალხური სიმღერები. ამჟამად „ბასიანი" ქართული პოლიფონიური სიმღერების სრული ანთოლოგიის ჩაწერაზე მუშაობს.
„ბასიანი" — სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დასახელებაა, რომელიც ამჟამად თურქეთის შემადგენლობაში შედის.