თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" 15 ივლისს შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე წარმოადგენს ახალ პროექტს „ცეკვა თამაში", ნათქვამია განცხადებაში საკონცერტო დარბაზის Facebook-გვერდზე.
„ცეკვა თამაში" „სუხიშვილების" სრულიად ახალი პროექტია. პროგრამის ფრაგმენტები მათ თბილისურ კლუბ Republic-ში 13 იანვარს წარმოადგინეს.
„სუხიშვილების" შოუ საქართველოს მთავრობის მასშტაბური პროექტის Check In Georgia ფარგლებში გაიმართება.
Check In Georgia-ს პროგრამაში 2018 წელს შესულია სხვა ღონისძიებებიც: თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტოფესტივალი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB საგურამოში, Tbilisi Open Air, ფესტივალი Artarea Ezo, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAF, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea, რეგიონული თეატრების ფესტივალი.
ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბალეტს სუხიშვილების მესამე თაობა — ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შვილიშვილები ხელმძღვანელობენ. ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ქართულ ხალხურ ცეკვაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. ანსამბლი რამდენიმე ათეული წელია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.