თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" დირექტორი, მსოფლიოში ცნობილი ქართული ცეკვის ანსამბლის ტრადიციების გამგრძელებელი ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.
ამის შესახებ "სუხიშვილების" კონცერტზე, რომელიც ხალხური შემოქმედების ფესტივალ Art-Geni-ს ფარგლებში ჩატარდა, ნინოს ძმამ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა გამოაცხადა.
საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩები აგრეთვე არიან ისეთი არტისტები, როგორიცაა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრიმა-ბალერინა და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.
ნინო სუხიშვილი — სუხიშვილი-რამიშვილების ლეგენდარული ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელია. დინასტიას უფროსმა ილიკო სუხიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. პირველი თაობა — თავად ბალეტის დამაარსებლები ილიკო და ნინო რამიშვილი იყვნენ. მეორე თაობა — მათი შვილი, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ სუხიშვილი და მისი მეუღლე ინგა, რომელიც ასევე ქორეოგრაფი იყო. ამჟამად ანსამბლს მესამე თაობა ხელმძღვანელობს: ანსამბლის დამაარსებლების შვილიშვილები ილიკო და ნინო სუხიშვილები.
ნინო სუხიშვილი დაიბადა თბილისში 1964 წლის 15 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.
"სუხიშვილებში" ნინო 1986 წლიდან მუშაობს — თავდაპირველად როგორც კოსტიუმების მხატვარი, შემდეგ იყო დასის მოცეკვავე, აღმასრულებელი მენეჯერი, ხოლო 2007 წლიდან ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერია. 2013 წელს მისი თანაავტორობით შეიქმნა მოდერნ-ბალეტი "რამიშვილები" და 20-მდე საკონცერტო კოსტიუმი.
სხვადასხვა წლებში ნინო სუხიშვილის სამხატვრო ნამუშევრები გამოიფინა საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში. ისინი კერძო კოლექციებშიც ინახება. ნინო არის ისეთი წიგნების რედაქტორი, როგორც "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები". ნინო სუხიშვილი გადაღებულია კინოშიც.
ნინო სუხიშვილი დაჯილდოებულია პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით და საქართველოს სახელმწიფო პრემიით.