თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ საკუთარი ტალანტი 1 მილიონ ლარად დააზღვია.
ქართული დაზღვევის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანსამბლმა, კოლექტივის მუსიკოსების ჩათვლით, მთელი შემადგენლობა დააზღვია. შესაბამისი მემორანდუმი „სუხიშვილების“ დირექტორმა ნინო სუხიშვილმა და სადაზღვევო სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ჯაფარიძემ 27 იანვარს გააფორმეს.
კონტრაქტის მიხედვით, ანსამბლის თითოეული წევრი პროფესიონალური ტრავმებისგან დაზღვეულია. როგორც სადაზღვევო კომპანიაში აღნიშნეს, პროფესიონალური უნარების დაკარგვის შემთხვევაში კომპანია ანსამბლის დაზარალებულ მონაწილეს ორი წლის განმავლობაში ხელფასს გადაუხდის.
ეს უპრეცედენტო დაზღვევა ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევებზე, ასევე კოლექტივის გასტროლებისას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
სპეციალურად ამ მოვლენისთვის შეიქმნა ოქროს პერგამენტისგან გაკეთებული უნიკალური სადაზღვევო პოლისი, რომლის საერთო ლიმიტი 1 მილიონ ლარს შეადგენს. პოლისი ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ შენობაში განსაკუთრებულად დაცულ ადგილას შეინახება.
„მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ სახით საქართველოს ჰყავს სუპერვარსკვლავები, რომლებიც არც ერთ მსოფლიო დონის მეგავარსკვლავს არ ჩამოუვარდებიან. ამიტომ ვთვლით, რომ თუ მსოფლიოში აზღვევენ ხმას, სხეულის ნაწილებსა და პროფესიონალურ ტალანტს, რატომ არ შეიძლება საქართველოშიც მსგავსი უნიკალური მომსახურებით ისარგებლოს ეროვნული ნიჭის ისეთმა მატარებელმა, როგორიც ანსამბლი „სუხიშვილი“ გახლავთ“, — ნათქვამია სადაზღვევო კომპანიის განცხადებაში.
პროფესიონალმა მოცეკვავეებმა, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ქართული საცეკვაო ფოლკლორის აღორძინება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს. სუხიშვილისა და რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო პირველი პროფესიონალური ანსამბლი საქართველოში, რომლის მაგალითზე სხვა დანარჩენი შეიქმნა. უკვე 1948 წელს ანსამბლი პირველად წავიდა ევროპაში გასტროლებზე.
მალე ანსამბლმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რომელიც დღესაც არ არის დაკარგული. "სუხიშვილები" ეროვნული ცეკვის პირველი ანსამბლი გახდა, რომელიც მილანში La Scala-ს სცენაზე გამოვიდა — ეს ჯერ კიდევ 1967 წელს მოხდა. მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია. ანსამბლმა ქართულ ცეკვაში ინოვაციური რეფორმა განახორციელა, რომელიც "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებს უახლოვდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა-ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
თავისი 70-წლიანი არსებობის მანძილზე "სუხიშვილების" მოცეკვავეები 90 ქვეყანაში 200-ზე მეტ ტურნეში იყვნენ გასტროლებით და 9500 კონცერტი გამართეს. მთელ მსოფლიოში ისინი ბრწყინვალე ნომრებით ახარებენ თავის თაყვანისმცემლებს, რომლებიც საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. "მსოფლიოს მერვე საოცრება" — სწორედ ასე უწოდა "სუხიშვილებს" მსოფლიო პრესამ.