თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ანსამბლის დამაარსებლის, ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ილია (ილიკო) სუხიშვილის დაბადების 110-წლისთავს კონცერტებით აღნიშნავს.
კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზში 27 და 28 იანვარს გაიმართება. ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც თავად ილიკო სუხიშვილის, ისე მისი შვილიშვილის უმცროსი ილიკო სუხიშვილის დადგმები.
„კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში — თითქმის რამდენიმე საათში გაიყიდა. ყველას დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის“, — ნათქვამია „სუხიშვილების“ „ფეისბუქის“ გვერდზე.
ილიკო სუხიშვილის იუბილის აღნიშვნა ანსამბლმა თავისი დიდი ტურნეს წინ გადაწყვიტა. „სუხიშვილების“ უცხოური ტურნე სტარტს 2017 წლის თებერვალში აიღებს და ორ თვეს გაგრძელდება — ცნობილი ქართველი მოცეკვავეების ხილვით დატკბებიან პოლონეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და ჩეხეთში.
ილიკო სუხიშვილი თბილისში 1907 წლის 4 აპრილს დაიბადა. 1924 წელს დაამთავრა ქართული ხალხური ცეკვების სტუდია (ამჟამად თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი). 1925 წლიდან ცეკვავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ასრულებდა ქართულ ხალხურ ცეკვებს. 1928-1932, 1935-1939 და 1941-1945 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გამოჩენილი მოცეკვავე და დამდგმელ-ქორეოგრაფი.
1933-1935 წლებში მოსკოვის დიდ თეატრში სტაჟირებას გადიოდა. მონაწილეობდა ოპერებში „ დემონი“ (ანტონ რუბენშტეინის დადგმა), „რუსლან და ლუდმილა“ (მიხაილ გლინკას დადგმა), ბალეტში „ კუზიანი კვიცი“, ამავე დროს მუშაობდა ბალეტმეისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1935 წელს ილიკო სუხიშვილი ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა.
ილიკო სუხიშვილმა ქართული ცეკვები დადგა სხვადასხვა ქალაქებში: კიევის მუსიკალური კომედიის, კიევის ოპერისა და ბალეტის, მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის, ნემიროვიჩ-დანჩენკოსა და ლენინგრადის მუსიკალური კომედიის თეატრებში.
1945 წელს მან, მეუღლესთან, სსრკ-ის სახალხო არტისტ ნინო რამიშვილთან ერთად საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლი დააარსა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მუშაობდა, სადაც იყო სოლისტი (1954 წლამდე) და სამხატვრო ხელმძღვანელი. ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ქართული ფოლკლორის აღორძინება დაიწყეს. ეს იყო საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითზე შეიქმნა სხვა ანსამბლები. 1948 წელს ანსამბლი ევროპაში პირველ გასტროლზე წავიდა.
მალე ანსამბლის მსოფლიო აღიარებას მოიპოვებს, რომელიც დღესდღეობით არ დაგვიკარგავს. „სუხიშვილები“ პირველი ხალხური ცეკვის ანსამბლია, რომელიც მილანში La Scala-ს სცენაზე გამოვიდა — ეს ჯერ კიდევ 1967 წელს მოხდა.
დღეს მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა უდგას სათავეში. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია.
ანსამბლმა ქართულ ცეკვაში ე.წ. „მოდერნ-ბალეტთან“ მიახლოებული
ინოვაციური რეფორმა განახორციელა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიაა — ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორზეა დაფუძნებული.
თავისი არსებობის განმავლობაში „სუხიშვილებმა“ 90 ქვეყანაში 200-ზე მეტი ტურნე განახორციელეს და 9500 კონცერტი გამართეს. საერთაშორისო პრესამ „სუხიშვილები“ „მერვე საოცრებად“ მონათლა.