თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოამზადებული პროექტის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისას ან შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში დარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. მოქმედი კანონით ჯარიმა 50 ლარიდან 200 ლარამდეა.
შენობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაუცველობა დაჯარიმდება 1000-დან 5000 ლარამდე. ამისთვის ჯარიმა დღეს 200 ლარია.
300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ის ფაქტიც, თუ დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია არ იქნება შეტანილი (თუ სავალდებულოა ასეთი ინფორმაციის შეტანა).
პროექტის მიხედვით, კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ან შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდება კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრე 5000 ლარიდან 10000 ლარამდე.
სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
1000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ხანძრის ჩასაქრობად, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნაზე.
საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.
რამდენიმე დღის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთოხების ნორმების დაუცველობისა და დარღვევის გამო ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით გაიზრდებოდა.
კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.