საქართველომ და აზერბაიჯანმა შესაძლოა ერთობლივი საბაჟო პუნქტი ააშენონ

გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ 51-ე შეხვედრაზე ერთობლივი სასაზღვრო პუნქტის შექმნის შესახებ განაცხადა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი, ჩინეთის ინიციატივის „ერთი გზა — ერთი სარტყელი" ფარგლებში, პირველი ერთობლივი საბაჟო პუნქტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მანილაში.

ბახტაძე ფილიპინების დედაქალაქ მანილაში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ 51-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა 3-6 მაისს იმართება.

„საქართველო მიესალმება და სრულად უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკის კონცეფციას, რომელიც ეხება ვაჭრობას ბარიერების გარეშე. სწორედ ამ კუთხით აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ პირველი ერთობლივი საბაჟო პუნქტის მშენებლობის შესაძლებლობას განვიხილავთ", — განაცხადა ბახტაძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბაქო - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

მან აღნიშნა, რომ „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მონაწილეობისთვის საქართველოს ფინანსური რესურსების მობილიზაცია სჭირდება.

„თუ შევხედავთ აბრეშუმის გზის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების სტრატეგიებს, ვნახავთ, რომ ყველა ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში. ამ თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოება", — განაცხადა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, მთავარი მიზანია მსოფლიო ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია რეგიონისა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან", — აღნიშნა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება

ჩინეთმა 2013 წელს განაცხადა ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის „ერთი გზა – ერთი სარტყელი" შესახებ, რომელიც ევრაზიის ქვეყნებთან ინფრასტრუქტურის შექმნისა და კავშირების დამყარებისკენ არის მიმართული. სტრატეგია განვითარების ორ მიმართულებას მოიცავს – აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და აბრეშუმის საზღვაო გზას. საუბარია სავაჭრო დერეფნის შექმნაზე შეღავათიან პირობებში საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში.

აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო განშტოება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

„აბრეშუმის გზის" ფორუმი 2017 წლის ნოემბერში თბილისში უკვე მეორედ გაიმართა. მან მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატს უმასპინძლა.

ყველა ახალი ამბავი
0