„ევროვიზია 2018": ჯგუფი „ირიაო" ლისაბონში გაემგზავრა

გამოწერა
„ევროვიზია 2018"-ზე საქართველოს ეთნო–ჯაზ ჯგუფი „ირიაო" წარადგენს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. „ევროვიზია 2018"-ზე საქართველოს წარმომადგენელი ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაოს" წევრები ლისაბონში გაემგზავრნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წელს „ევროვიზია" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

Iriao - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2018": თბილისში სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

ჯგუფი „ირიაო" კონკურსზე ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ვირტუოზულ უნიკალურ ნაზავს ასრულებს.

ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ იშვიათ ქართველ კომპოზიტორად მიიჩნევა, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. 30 წლის მანძილზე მალაზონია ქმნის მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრებისთვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი „ირიაო", რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა.

„ევროვიზია 2018“: როდის და რომელ ნომრად წარდგება საქართველო>>>

მალაზონიას გარდა, ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.

სიმღერა „შენი გულისთვის", რომლითაც ქართველი მუსიკოსები კონკურსზე 10 მაისს გამოვლენ, კომპოზიტორმა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე.

Iriao - Sputnik საქართველო
ქართველ ემიგრანტებს ევროვიზიაზე ჯგუფ „ირიაოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

სიმღერის კლიპის ავტორია რეჟისორი ზაზა ორაშვილი, რომელშიც „ირიაოს" წევრებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის" მოცეკვავეები. მუსიკოსების კოსტიუმების დიზაინერია მეგი გაბუნია. „ირიაოს" ოფიციალური ფოტოგრაფი და ყველა ფოტოსესიის ავტორი გიორგი ცაავაა.

„ევროვიზია 2018"-ის ოფიციალური დევიზია — „ყველანი ბორტზე!", რაც გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს. ასევე ცნობილია კონკურსის ლოგო, რომელიც ზღვის ნიჟარას წააგავს.

63-ე კონკურსის ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0