თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფ „ირიაოს“ იმ სიმღერისა და ვიდეოკლიპის ოფიციალური პრემიერა გაიმართა, რომლითაც ჯგუფი „ევროვიზია 2018"-ზე საქართველოს წარადგენს.
სიმღერაზე „შენი გულისთვის" კლიპი, რომლითაც ჯგუფი ლისაბონში მეორე ნახევარფინალში, 10 მაისს გამოვა, რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო.
გადაღებები საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე დახურული ტიპის კოსმოსური კვლევების კომპლექსში შედგა.
კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის" მოცეკვავეები.
მუსიკოსების კოსტიუმების დიზაინერია მეგი გაბუნია. „ირიაოს“ ოფიციალური ფოტოგრაფი და ყველა ფოტოსესიის ავტორი კი გიორგი ცაავაა.
სიმღერის „შენი გულისთვის" მუსიკა კომპოზიტორმა და ჯგუფის მხატვრულმა ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინე სანიკიძეა. სიმღერის ჩაწერაში „ირიაოსთან“ ერთად სხვადასხვა ორკესტრების მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.
„ევროვიზია" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს კონკურსზე ეთნო–ჯაზ ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს.
63-ე კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი — 12 მაისს.
წარმოდგენილია კონკურსის ლოგო, რომელიც ზღვის ნიჟარას წააგავს, და მისი ოფიციალური დევიზი — „ყველანი ბორტზე!", რაც ასევე გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს.
ჯგუფი „ირიაო“ ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული აუთენტური ეთნომუსიკის ნაზავია.
დავით მალაზონია მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ჯგუფი „ირიაო“, რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა.
მალაზონიას გარდა ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.