ქართველ ემიგრანტებს ევროვიზიაზე ჯგუფ „ირიაოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

გამოწერა
ჯგუფი „ირიაო“ 10 მაისს ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალში სიმღერით „შენი გულისთვის“ გამოვა

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის ცნობილი მოღვაწეები გაერთიანდნენ ეთნო–ჯაზ ჯგუფ „ირიაოს“ (Iriao) მხარდასაჭერად, რომელიც ქვეყანას ევროვიზია 2018–ზე წარადგენს.

ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო ვიდეორგოლები ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით და გადაღებებში კოლეგასთან, თეატრლურ რეჟისორ დავით დოიაშვილთან ერთად თავადაც მიიღო მონაწილეობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამოქვეყნდება ვიდეო ქართული ესტრადის ისეთი ცნობილი წარმომადგენლების მონაწილეობით, როგორიც არიან ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი. ისინი ჯგუფის შესახებ ისაუბრებენ და მოუწოდებენ ქართველ ემიგრანტებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კამპანიაში ჰეშთეგით #საქართველოშენიგულისთვის და ხმა მისცენ 10 მაისს კონკურსანტებს საქართველოდან.

მზადება „ევროვიზიის“ კონკურსისთვის - Sputnik საქართველო
„ევროვიზიის“ ქართველი მონაწილეები მშობლიურ ენაზე იმღერებენ

შემსრულებლების მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის აუცილებელია ვიდეოს გადაღება „ირიაოს“ მხარდასაჭერად და მისი სოციალური ქსელის საკუთარი გვერდზე ჰეშთეგით გამოქვეყნება.

სიმღერის „შენი გულისთვის" მუსიკა კომპოზიტორმა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინე სანიკიძეა. სიმღერის ჩაწერაში „ირიაოსთან“ ერთად სხვადასხვა ორკესტრების მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

„ევროვიზია" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 

63-ე კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი — 12 მაისს.

 

ყველა ახალი ამბავი
0