თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. „ევროვიზია 2018“-ზე საქართველო წარდგება სიმღერით „შენი გულისთვის” — თბილისში ჯერჯერობით კომპოზიციის საორკესტრო ვერსია იწერება, საკონკურსო სიმღერის პრემიერა 2018 წლის მარტში შედგება.
მუსიკის ავტორია კომპოზიტორი და Iriao-ს სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მალაზონია, არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა.
სიმღერის ჩაწერაში ჯგუფ Iriao-სთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა ორკესტრის მუსიკოსები მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. ხუხუნაიშვილის თქმით, კომპოზიცია ძალიან ლამაზია, ასახავს საქართველოს ხასიათს და, მისი თქმით, „ევროვიზიაზე“ წარმატებული იქნება.
„ძალიან კარგი სიმღერაა. მე მიხარია, რომ ამაში მონაწილეობს ორკესტრი. ჩანს Iriao, ჩანს სამხმიანობა, ჩანს ქართული კულტურა. მოკლედ, პატარა საქართველოა ამ სიმღერაში. ასე რომ, მე ძალიან მიხარია და მჯერა, რომ ეს სიმღერა წარმატებული იქნება „ევროვიზიაზე“, — განუცხადა დირიჟორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
„ევროვიზია“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
63-ე კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი — 12 მაისს.
წარმოდგენილია კონკურსის ლოგო, რომელიც ზღვის ნიჟარას წააგავს, და მისი ოფიციალური დევიზი — „ყველანი ბორტზე!", რაც ასევე გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს.
ჯგუფი Iriao ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული აუთენტიკური ეთნომუსიკის ნაზავია.
დავით მალაზონია მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით, დაარსდა ანსამბლი Iriao და მათი დებიუტი 2013 წელს შედგა.
მალაზონიას გარდა, ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.