თბილისი, 1 მაისი — Sputnik. რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით.
აქცია სახელწოდებით „1 მაისი — პროფკავშირები ღირსეული და უსაფრთხო შრომისთვის“ ორგანიზებულია საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ. შეკრებილებმა გადაკეტეს თბილისის მთავარი პროსპექტი და მოაწყვეს მსვლელობა ლოზუნგით „სოლიდარობა მშრომელებს“.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში მშრომელთა უფლებებით უკმაყოფილოა >>
ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებულია პოლიცია.
საქართველოს გაერთოანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამ თვეში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში დაიღუპა 11 ადამიანი. 5 აპრილს მინდელის შახტზე მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, სადაც 6 მუშა დაიღუპა.
მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეულმა ადამიანმა სამუშაო ადგილზე თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ასევე იგულისხმება ჯარიმები უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის.