მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდა არ იგეგმება

© photo: Sputnikსადგური "უნივერსიტეტი"
სადგური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, გაფიცვას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული 240-ვე მემანქანე აპირებს.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა "ერთობა 2013"-მა მეტროპოლიტენის მემანქანეთა გაფიცვა დააანონსა. მემანქანეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის მომატებას ითხოვენ. მათი მოთხოვნა ხელფასის 44%-ით, ანუ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდაა.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, გაფიცვას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული 240-ვე მემანქანე აპირებს, რაც მეტროს პარალიზებას გამოიწვევს.

ირაკლი ლექვინაძე - Sputnik საქართველო
მერია მეტროპოლიტენის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 30 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეების მოთხოვნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მემანქანეების მოთხოვნების განხილვა საწყის ეტაპზევე დაიწყეს.

„მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში… თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება", — ნათქვამია განცხადებაში.

სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს, გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე.

მეტროპოლიტენის მემანქანეების მოთხოვნებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა.

„მეტრო იმუშავებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტრო არ გაჩერდეს. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი და არანაკლები პასუხისმგებლობა", — განაცხადა მან.

თბილისის მერის განმარტებით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით შეუძლებელია ანაზღაურების გაზრდა.

თბილისის სატრანპორტო კომპანიაში 6300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 ათასამდე მგზავრს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0