თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარულ სამოგზაურო ჟურნალ National Geographic-თან ერთად საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბურ მარკეტინგულ ინტერნეტ-კამპანიას იწყებს.
კამპანიის პრეზენტაცია სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარადგინეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ და National Geographic-ის ცენტრალური ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა.
ახალი მარკეტინგული კამპანიის ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს და მისი მთავარი ამოცანაა — საქართველოში ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის დემონსტრაცია.
National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა >>
ინტერნეტ-კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებში 4,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაფარავს. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ გვერდზე საქართველოს შესახებ ფოტო და ვიდეომასალები განთავსდება.
სპეციალური ონლაინ-ბანერები განთავსდება ვებგვერდზე შემდეგ განყოფილებებში — Travel (მოგზაურობა), Adventure (თავგადასავალი) და History (ისტორია). National Geographic-ის Facebook-გვერდზეც საქართველოს რეკლამა გავა.
გასული წლის ივნისში National Geographic-მა საქართველოს სპეციალური გამოშვება მიუძღვნა. ჟურნალი შეზღუდული ტირაჟით რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოვიდა — სულ 35 ათასი ეგზემპლარი. აქედან 30 000 იყო გათვლილი რუსეთსა და ყაზახეთზე, დანარჩენი 5 000 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში გაიგზავნა.